თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. სტამბოლის მცხოვრებმა მუზაფერ კაიასანმა, რომელიც კორონავირუსით 2020 წლის ნოემბერში დაინფიცირდა, 14 თვის განმავლობაში ჩააბარა 78 ტესტი - ყველა მათგანი დადებითი იყო.
ლეიკემიით დაავადებული კაიასანი მთელი ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ მის ტესტს უარყოფითი პასუხი არც ერთხელ არ უჩვენებია.
თავად 56 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
„როდესაც ჩვენს მეცნიერებსა და ექიმებს ვეკითხებით, ისინი პასუხობენ, რომ ჩემი იმუნური სისტემა სუსტია, რადგან ლეიკემია მაქვს და თოთხმეტი თვის განმავლობაში მაცოცხლებენ იმ მედიკამენტებით, რომლების გამოწერილი მაქვს“, - განუცხადა კაიასანმა თურქულ ტელეარხს.
მამაკაცმა, რომელიც კარანტინიდან გამოსვლას, შვილიშვილების ნახვას ვერ ახერხებს და იძულებულია მარტომ იცხოვროს, დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა.