თბილისის ახალაშენებულ სახლებში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება

დედაქალაქის სხვა სახლებსა და ბინებში კი მრიცხველებს ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეცვლიან.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, ყოველდღიურად გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ამგვარად აბონენტებიც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეძლებენ აკონტროლონ ელექტროენერგიის მოხმარება. მრიცხველების დამონტაჟება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო.

„ადამიანს, რომელიც კითხულობს მრიცხველს და შეჰყავს ჩვენება მონაცემთა ბაზაში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომა მოუვიდეს. ასეთ შეცდომებს გამორიცხავს ჭკვიანი მრიცხველი", – განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „პალიტრას" ეთერში.

რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ კეთდება ხუთწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ კორპუსებში და სახლებში მრიცხველებს „თელასი" გამოცვლის და მომხმარებლებს ამისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.