თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქმის მთავარი ფიგურანტი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გამოიკითხა გამომძიებელი, რომელიც მის დაკავებას ესწრებოდა.
სააკაშვილს სიტყვისთვის 15 წუთი გამოუყვეს. სააკაშვილმა გამოსვლა იმაზე საუბრით დაიწყო, თუ როგორ შეიჭრა თმა.
„გუშინ სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. ჩემს პირად ექიმს კი, რომელიც ხუთი კვირის წინ ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა და ყოველდღე განცხადებებს წერს, ჩემთან არ უშვებენ. პარიკმახერი კი შემოუშვეს ერთ დღეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის სიტყვებით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს – აწუხებს ჰიპერტონია, სისუსტე, რამდენჯერმე დაკარგა გონება.
ამის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართეს შუამდგომლობით, დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის შესწავლა. ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე გამოკითხეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე, მათ შორის პოლიციელები, გამომძიებლები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები.
გამომძიებელ იოსებ დიღმელაშვილის თქმით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს გაუკვირდათ, როდესაც ბინაში, სადაც ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, სააკაშვილი დახვდათ.
„როდესაც გაიღო ელგუჯა ცომაიას სახლის კარი, დერეფანში მიხეილ სააკაშვილი დავინახეთ. ჯერ შევიდნენ ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები და შემდეგ ჩვენ. შესაბამისად, მათ იცნეს პრეზიდენტი... ბუნებრივია, ყველას გაუკვირდა, მეც გამიკვირდა“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.
ცომაია აღნიშნული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მას ბრალი ედება სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლის ხელშეწყობასა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვაში.
გამომძიებლის ჩვენებებმა დაადასტურა მთელი პროცესის აბსურდულობა და ფარსი, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
„როგორც ცნობილია, გამოძიება საქმეზე დაწყებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თითქოს იმაზე, რომ ელგუჯა ცომაიას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ანუ შსს-მ თავი შეიკავა, დოკუმენტურად დაეფიქსირებინა, რომ რეალურად გამოძიება დაიწყო ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ“, – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.
საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სწორედ ეს გახდა გამოძიების დაწყების მიზეზი. ნათელია, რომ მანამდე არავითარი ინფორმაცია არც შსს-ს, არც სუს-ს არ ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდების მხარემ ადვოკატების პოზიციას გაურკვეველი უწოდა.
„გამოძიება ორ სტრუქტურაში პარალელურად დაიწყო. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დაიკითხა გამომძიებელი. მომავალ სასამართლო პროცესზე დაიკითხება ადამიანი, რომელმაც უშუალოდ დააკავა სააკაშვილი და ის ამომწურავ პასუხებს გასცემს“, – აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 24 თებერვალს გაიმართება.
საქმის დეტალები
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერს მართავდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.
ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.
სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.
სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.