თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რეჟისორისა და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის დოკუმენტურმა ფილმმა „აჭარული მზითვის ფერი" (The Adjarian Bride's Treasure) ფესტივალზე Paris Cinema Awards გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".
Paris Cinema Awards ყოველთვიურად არჩევს საუკეთესო ფილმებს, ხოლო შემდეგ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს საერთაშორისო ფესტივალის შემადგენლობა განიხილავს.
შარიქაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც წინ უძღოდა ზემო აჭარაში ექსპედიცია, მოგვითხრობს აჭარულ ნაქარგობაზე, რომელსაც ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. აჭარული ნაქარგობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემაა.
შარიქაძე მოგვითხრობს მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია. აჭარულმა ნაქარგობამ 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.
„ფილმი „აჭარული მზითვის ფერი" წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე", – ნათქვამია „თიბისი ბანკის" განცხადებაში, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ფილმი.
ფილმის პრემიერა სპეციალურად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის აპრილის ბოლოს ხულოს თეატრში გაიმართება.