თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" შესაძლოა ორსულებში მსუბუქად მიმდინარეობდეს, არიან ორსულები, რომელთათვისაც კორონავირუსის ეს შტამი მაინც სახიფათოა, განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით, ორსულები.
„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონმა" 80%-ით ჩაანაცვლა „დელტა", მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში, მაინც არიან მაღალი რისკის ორსულები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას", – აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ასეთ დროს გართულებები განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმატებს.
„გართულებები მოსალოდნელია როგორც ნაყოფის მხრივ, ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები", – თქვა ჟორჟოლიანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ცნობით, იმის გამო, რომ ორსულებზე ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევა მოდის, ღუდუშაურის კლინიკაში მათთვის სპეციალური განყოფილება იხსნება.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ" შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში დომინირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.