თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალური სამუშაო ჯგუფი ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას მომავალი კვირიდან დაიწყებს, მონიტორინგი ერთი თვე გაგრძელდება.
სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო სემეკში 100-მდე საჩივარია შესული.
როგორც დღეს გამართულ სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ ენერგოკომპანიების მხრიდან აბონენტებისთვის დარიცხული თანხების ცდომილება დადგინდება, მაშინ კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.
„დღევანდელ სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ „თელასის" და „თელმიკოს" მრიცხველების აღრიცხვის სისტემების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. განისაზღვრა შემოწმების პროგრამა, რომელიც შეეხება მონაცემების აღებისა და ბაზაში მისი განთავსების, დარიცხვებისა და ქვითრების დაგზავნის პროცესს“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილებით, ენერგოკომპანიების შემოწმების პროცესი 3 მარტისთვის დასრულდება.
გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი" 50 ათასი ლარით, „თელმიკო“ კი 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.