თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველო „ომიკრონით“ გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ახალი შტამი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.
„როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ორ-სამჯერ მეტი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების კლებას უახლოესი 7-10 დღის შემდეგ ელოდებიან.
ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ“ შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.