თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში დალუქა ხორცის საწარმო, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის 500 კგ ხორცპროდუქტები აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ უწყების „ცხელ ხაზზე“ – 1501.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა არალეგალური საწარმო, რომელშიც მიმდინარეობდა ხორცპროდუქტების დამუშავება. ჩატარდა ინსპექტირება და გამოვლინდა ბევრი კრიტიკული შეუსაბამობა“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
საწარმოდან ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ბიოლოგიური მასალის წარმომავლობას სპეციალისტები დაადგენენ, ხორცი კი განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში ხორცი QR–კოდით გაიყიდება, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი შეძლებს გაიგოს პროდუქციის შენახვის, ვარგისიანობის, პირუტყვის ასაკისა და დაკვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია. მომხმარებელი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიღებას მობილური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს.