თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ესპანური კომპანია „აქუალიას“ (Aqualia) აღმასრულებელი დირექტორი ფელიქს პარა მედიავილა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ონლაინ შეხვდა.
მედიავილამ პრემიერთან მისი კომპანიის მიერ საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის Georgia Global Utilities-ის (GGU) 80% წილის შესყიდვის საკითხები განიხილა, რომელსაც წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP) ფლობს.
180 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ ცნობილი გასული წლის დეკემბრის ბოლოს გახდა. მისი პირველი ეტაპი იანვარში დასრულდა. გარიგება საბოლოოდ ივლისში გაფორმდება, როდესაც Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციები იქნება გამოსყიდული.
„180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრაზე ღარიბაშვილმა.
შეხვედრა ონლაინ–ფორმატში გაიმართა, რადგან პრემიერს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე პრემიერმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ საქართველო საიმედო და სტაბილური პარტნიორია. კომპანია Aqualia-ს წარმომადგენელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კომპანია თავის კაპიტალს საქართველოში ჩადებს.
„მთავრობის მეთაურთან ქვეყანაში კაპიტალდაბანდების სურვილი გამოვთქვით. გრძელვადიანი ინვესტორები გვყავს ჩამოყვანილი და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ინვესტირების სურვილი გაუჩნდათ“, – განაცხადა მედიავილამ შეხვედრის შემდეგ.
Global Water Intelligence-ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.
ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.