თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ჯარების ევროპაში გადასროლა ნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.
„აშშ ფაქტობრივად განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში. ამერიკული ძალების გადასროლა ევროპაში — ეს იმის დასტურია, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს“, — აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციის ფონზე ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. როგორც უწყება ირწმუნება, ჯარები ევროპის მოკავშირე ქვეყნებში დროებით გათავსდებიან მიმღები მხარეების თანხმობის საფუძველზე.
ამასთან, ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ევროპაში აშშ-ის ძალების გადასროლის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმას, რაც მან მანამდე უთხრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
„თუ ის აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი ნატოელი მოკავშირეების დასარწმუნებლად, რომ ჩვენ იქ ვართ, ხოლო ალიანსის მე-5 მუხლი — ეს წმიდათაწმიდა მოვალეობაა“, — ციტირებს პრეზიდენტს ტელეარხის ჟურნალისტი კეიტლან კოლინზი Twitter-ზე.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაცილო და სახიფათოა დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიისა და კიევის მოსკოვისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვს ჯარები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარივე შეხედულებისამებრ გადაჰყავს, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს.