9 პოპულარული მითი ანგინის შესახებ: რომელია მართალი და რომელი – არა

აუცილებელია თუ არა გლანდების ამოჭრა და რისთვისაა ისინი საჭირო, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური განგიმარტავთ.
Sputnik
გლანდები, ანუ ტონზილები, ანუ ნუშურა ჯირკვლები — ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია.
გლანდები, როგორც ბარიერი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება ორგანიზმში დაავადების გამომწვევების შეჭრას, მეორე მხრივ, გამოიმუშავებს ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა იმუნოგლობულინები და ლიმფოციტები, რითაც ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან წარმოქმნილი ტოქსინებისგან იცავს.
ანგინის, ანუ ტონზილიტის (ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთების) შემთხვევები ყველაზე ხშირია გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე პერიოდში და უმეტესად გავრცელებულია ბავშვებში.
არ გამოტოვოთ: როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები>>
ანგინის შესახებ მრავალი მითი არსებობს. მოდით, მოკლედ გავერკვეთ, რა არის მართალი და რა — არა.

მითი N1: თუ ყელი გვტკივა, ე.ი. ეს ანგინაა

სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს ანგინა იყოს. ყელის ტკივილი შეიძლება იყოს გრიპის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ფარინგიტის ან სხვა დაავადებების შედეგი.
ანგინა ნუშისებრი ჯირკვლის ანთებაა და ის შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან ორივე ერთად.
სწორი დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად უნდა მივმართოთ ექიმს.

მითი N2: ანგინა შეიძლება იყოს გადამდები

ეს მართალია. ყველაზე ხშირად ანგინა შეიძლება გადაეცეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, შეიძლება გადაგვედოს ისე, რომ სულაც არ მივუახლოვდეთ ავადმყოფს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მიკრობები ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას დაავადებულის ნივთებით (მაგალითად, კოვზით, პირსახოცით) სარგებლობისას. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მიკრობების გარკვეული შტამები ჩვენს ცხვირ-ხახაში მუდმივად არსებობენ და თავს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების დროს ამჟღავნებენ.
არ გამოტოვოთ: სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები>>

მითი N3: ანგინა არ არის შინ დარჩენის მიზეზი

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ ანგინა შეიძლება „ფეხზე გადაიტანოთ“.
ამ დაავადებას ბევრი სერიოზულად არ უყურებს. და ეს საკმაოდ საშიში დამოკიდებულებაა. ანგინას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გართულებები, მაგალითად, ოტიტი (ყურის ანთება), ან დანამატი ღრუების ანთება (ჰაიმორიტი, ფრონტიტი), ან სხვა გართულებები.

მითი N4: ანგინის დროს გლანდები გადიდებულია

ნუშურა ჯირკვლების ზომას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრონიკული ტონზილიტის დროს ისინი შეიძლება იყოს გადიდებული, შეიძლება იყოს ნორმალური ზომისა და დაპატარავებულიც კი.

მითი N5: ანგინას შეიძლება თავადაც ვუმკურნალოთ სავლებებით

პირის ღრუს გამორეცხვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან ეს გამოჯანმრთელებას აჩქარებს. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი, სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნაყენები: გვირილის, ევკალიპტის, გულყვითელას (კალენდულა) ან სალბისა (შალფეი).
არ გამოტოვოთ: როგორ განვუვითაროთ 3 წლამდე ბავშვს ინტელექტი: სპეციალური მარტივი თამაშები>>
თუმცა მხოლოდ სავლებების გამოყენება, პირის ღრუს სანაცია შესასხურებლებით, ან საწუწნი აბების გამოყენება საკმარისი არ იქნება.
უპირველესად უნდა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი, ანუ ვირუსულია ანგინა, თუ ბაქტერიული. ვირუსულის შემთხვევაში საჭირო იქნება ანტივირუსული პრეპარატების მიღება, ბაქტერიულის დროს — ანტიბიოტიკებისა.

მითი N6: ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება

ეს კატეგორიულად არასწორია! ანტიბიოტიკები უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა, რადგან პრეპარატი უნდა შეირჩეს მიკრობზე მგრძნობელობის მიხედვით.
ანტიბიოტიკების თვითნებურმა მიღებამ შეიძლება გვავნოს კიდეც. გარდა ამისა, ამ პრეპარატების უკონტროლო მიღებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ:
დაქვეითდეს მიკრობების მგრძნობელობა,
განადგურდეს სასარგებლო მიკრობები,
ხელი შევუწყოთ სოკოვან ინფექციებს,
დავიზიანოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

მითი N7: ანგინის დროს ანტიბიოტიკების მიღება შეიძლება ტემპერატურის დაკლების შემდეგ შევწყვიტოთ

ყველა ანტიბიოტიკს აქვს თავისი კურსი. უნდა დავეყრდნოთ ექიმის დანიშნულებას და მივყვეთ ინსტრუქციას.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ცოტა ხნით დავასუსტოთ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.

მითი N8: ანგინის თავიდან ასაცილებლდ ნუშისებრი ჯირკვლები უნდა ამოვკვეთოთ

ანგინა არის ინფექციური დაავადება. შესაბამისად, ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა ნუშისებრი ჯირკვლების დაუყოვნებლად ამოკვეთა, აუცილებელი არაა.

გახსოვდეთ: ეს ჯირკვლები ცხვირ-ხახის ძირითადი დამცავი ბარიერი, იმუნური სისტემის ნაწილია!

მითი N9: ნუშურა ჯირკვლები აუცილებელია ორგანიზმისთვის და ისინი უნდა შევინარჩუნოთ

ნებისმიერი ოპერაცია სტრესია. თუმცა, თუ ნუშურა ჯირკვლები იმდენადაა დაავადებული, რომ დამცველობითი ფუნქცია დაკარგული აქვს, თავად იწყებს ალერგენების გამოშვებას, აქვეითებს იმუნიტეტს და იწყებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. არსებობს რისკი, რომ გამოიწვიოს გულ-სისხლძართვთა სისტემის, რევმატული და შარდსასქესო სისტემის ცვლილებები — ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპერაციის გაკეთება არ უნდა დავახანოთ.
დაბოლოს: ნუ შეეცდებით ანგინის თვითნებურ მკურნალობას. მკურნალობის ტაქტიკა უნდა გადაწყვიტოს ოჯახის ექიმმა, პედიატრმა და ოტოლარინგოლოგმა.
ხოლო იმისთვის, რომ ანგინა თავიდან ავირიდოთ, პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია:
იმუნიტეტის გაძლიერება გაკაჟების მეშვეობით,
ფიზიკური აქტივობა,
ჯანსაღი კვება,
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა,
გადაციების თავიდან აცილება,
დაავადებულ ოჯახის წევრებთან დისტანციის დაცვა,
ხელების ხშირი დაბანა,
ოთახის განიავება,
ნიღბის გამოყენება.