დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა

კონკურსში მონაწილეობისა და საკონკურსო წინადადების წარდგენის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ სამშენებლო ორგანიზაციას აქვს.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეთა კონკურსის ვადა 2022 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ.
საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 1 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ>>
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს ადგილზე სწავლობენ.