სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სოციალური პროგრამების სპეციალისტი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური მშობლებს ასწავლის, როგორ შეარჩიონ სწორი სათამაშო ერთ წლამდე ბავშვისთვის.
Sputnik
სათამაშოებზე საუბრისას ყველას უნებურად გვახსენდება ცნობილი ფრაზა ფილმიდან „თოჯინები იცინიან“.
ვერ გეტყვით, რა სათამაშო ჰქონდათ ბავშვობაში არქიმედეს ან ნიუტონს, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, მაგრამ მათ უდიდესი აღმოჩენები გააკეთეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვთანხმდებით, რომ სათამაშო უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.
სათამაშოების ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ისინი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა: ხისგან, თიხისგან, ქვებისგან და კაქტუსის ფესვების ან სელაპის ტყავისგანაც კი.
როგორ განვუვითაროთ 3 წლამდე ბავშვს ინტელექტი: სპეციალური მარტივი თამაშები>>
თანამედროვე სათამაშოებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული, შესწავლილია მათი ქიმიური შემადგენლობა, დეტალების უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე და დამტკიცებულია, რომ სათამაშოები ყოველთვის უწყინარი არაა.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ:

„სამწუხაროდ, ზოგ მშობელს მიაჩნია, რომ ძვირადღირებული ელექტრონული სათამაშოები (მაგალითად, სენსორულ-მასტიმულირებელი ხმოვანი და მანათობელი სათამაშოები ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის) და პლანშეტების თამაშები აუცილებელია მათი შვილების ჯანსაღი განვითარებისთვის. თუმცა, არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ასეთი სათამაშოების ძირითადი ელემენტები (მაგალითად, რობოტის განათება და ხმები) ამცირებს სოციალურ ჩართულობას. სოციალური განვითარებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მიმიკები, ჟესტები და ხმის ტემბრი“.

იმისათვის, რომ ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებას შეუწყოს ხელი, მშობელმა ჩვილობის ასაკიდან უნდა შეურჩიოს მას „სწორი“ სათამაშო.
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები>>
თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოს შეძენას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო უნდა იყოს:

სერტიფიცირებული და ასაკისთვის შესაბამისი;
მარტივი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული;
გახსოვდეთ: რაც მეტი ფუნქცია აქვს სათამაშოს, მით პასიური იქნება ბავშვი!
მსუბუქი, გლუვი, უსუნო და ადვილად უნდა ირეცხებოდეს;
არ უნდა ჰქონდეს პატარა და წვეტიანი დეტალები;
დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვმა მისი წვრილ ფრაგმენტებად დამსხვრევა ვერ შეძლოს;
უნდა იყოს ნათელი და მკვეთრი ფერისა (წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე) და ამასთან სადა, ანუ არა კოპლებიანი, კუბოკრული თუ ზოლებიანი;
დაიმახსოვრეთ! სათამაშო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფლუორესცენტული ფოსფორისფერი, ვარდისფერი ან სხვა „შხამიანი“ ფერისა.
უნდა იყოს სხვადასხვა ფაქტურისა: რბილი, მაგარი, პრიალა, ხაოიანი, ხის, რეზინის, ქაღალდის, ლითონის.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რბილი სათამაშოები ძირითადადა შევსებულია სინტიფონითა თუ ნაჭრების ნაკუწებით, ტაქტილურ შეგრძნებებს კი ზრდის სხვა სახის შემავსებლები: პლასმასის გრანულები, გამხმარი ბალახი და ყვავილები, ქვიშა, მარცვლეული.
ბავშვის აღზრდის ყველაზე პოპულარული რვა მეთოდი: რომელს ირჩევთ თქვენ?>>
ძალიან პოპულარულია ანტისტრეს სათამაშოები, რომლებიც ფოროვან პოლისტიროლის ბურთულებს შეიცავს.
დაიმახსოვრეთ! თავი შეიკავეთ დიდი ზომის რბილი სათამაშოებისგან, რადგან ისინი ბევრ მტვერს ისრუტავს და ძნელად ირეცხება.
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს. თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო ცოტა სათამაშო აქვს ბავშვს, მით დიდხანს და კრეატიულად იყენებს მათ.
სათამაშოების რაოდენობის კლასიკური ფორმულაა „ხუთს პლიუს-მინუს ორი“. საუბარია აქტიურ სათამაშოებზე, რომლებიც გამუდმებით გვერდით აქვს პატარას.
თუ დროთა განმავლობაში ბავშვს ბევრი სათამაშო დაუგროვდა, გირჩევთ, რომ ისინი მუდმივად ბავშვის თვალწინ არ გქონდეთ გამოფენილი. შეინახეთ ისინი ყუთებში, გაუკეთეთ წარწერები და პერიოდულად ცვალეთ — მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
სხვადასხვა ასაკის სათამაშოები შეიძლება დავახარისხოთ რამდენიმე სახეობად:
კონსტრუქტორები,
პაზლები,
რბილი სათამაშოები,
სახელოვნებო,
თოჯინები,
ტრანსპორტი.
ასე ბავშვსაც შეუნარჩუნებთ მუდმივ ინტერესს და სახლშიც წესრიგი გექნებათ.
შეგახსენებთ: სათამაშო მხოლოდ დამხმარე საგანია, მთავარი ბავშვთან მშობლებისა და ოჯახის წევრების მუდმივი ურთიერთობა და მზრუნველობაა!