ჯაფარიძე–ნათელაშვილი–ხოშტარიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაიდო

სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, სხდომის გადადების მიზეზი კოვიდპანდემია გახდა – კომიტეტის წევრები პარლამენტში ვერ მივიდნენ, რადგანაც ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ.
როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.
ორშაბათს ჩანიშნულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომას სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხი უნდა განეხილა.
საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს
როგორც ადრე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.