პარლამენტი არდადეგების შემდეგ მუშაობას უბრუნდება: პირველი სხდომის ძირითადი საკითხები

ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას განაახლებს და პირველივე სხდომაზე დეპუტატებს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
ამ დროისთვის უცნობია, იმუშავებს თუ არა საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით. ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ის ცნობილი ორშაბათს, 31 იანვარს გახდება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტს 31 დეპუტატი მაინც გამოაკლდეს.
იმავდროულად, პირველივე სხდომაზე იგეგმება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის - ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხის განხილვა.
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც კონსტიტუციის მიხედვით დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
პლენარული სხდომის პირველი სხდომის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა იქნება.
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გამარჯვებაში დარწმუნებულია >>
დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელს, გიორგი კალანდარიშვილსა და კონსტიტუციონალისტ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელ დირექტორს, თენგიზ თევზაძეს შორის მოუწევთ.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
შედის თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში - გადაწყვეტილება მიღებულია >>
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.