თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მას შემდეგ, რაც ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთში ექსპლუატაციაში შევა, დაბა გონიოს პოლიგონი დაკონსერვდება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.
„ქობულეთში ექსპლუატაციაში შედის მყარი ნარჩენების ობიექტი, რაც, ერთი მხრივ, ნიშნავს გაუმჯობესებულ გარემო პირობებს, მეორე მხრივ, ძალიან მალე მოვახდენთ ბათუმში გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის კონსერვაციას და მის დახურვას“, – განაცხადა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს, რის შემდეგაც ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.
ახალი ნაგავსაყრელი წლის განმავლობაში 150 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიღებას შეძლებს.
ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.