თბილისში ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი თებერვალში გაიმართება

რატი ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.
ბრეგაძე ერევანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან ბოლო ოფიციალური შეხვედრა სომხეთის პარლამენტის სპიკერთან ალენ სიმონიანთან გამართა.
მინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააცნო, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გუშინ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

„ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა. ამ დღეებში ჩვენ შევჯერდით თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმებზე და ამის პირველი გამოხატულება იქნება ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც თებერვალში საქართველოში გაიმართება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხური მხარე დაინტერესებულია ქართული ნოვაციებით – მობილური იუსტიციის სახლებითა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ სომხეთში მასშტაბური პრეზენტაცია გამართა.
მინისტრმა სომეხ კოლეგა კარენ ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საშუალება მიეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოენახულებინა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს სომხეთში იხდიან.
რატი ბრეგაძემ სომხეთში არმავირის ციხე დაათვალიერა
„მინდა ჩვენს სომეხ კოლეგებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.