თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩება

თამლიანი 29 ნოემბერს დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დარჩება, ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგ სხდომაზე ხუთშაბათს მიიღო.
თამლიანი 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. მას ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.
ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონის შესაბამისად განიხილა აღკვეთის ღონისძიება და ის ძალაში დატოვა, დაცვის მხარე კი თამლიანის გათავისუფლებას ითხოვდა 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ.

მოსამართლე დავით კურტანიძე დაეთანხმა ბრალდების მხარეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა >>
გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.