თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოში სულ უფრო მეტი მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადადის.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 36.202 მოსწავლე. ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასებისა და სკოლების მოსწავლეები, რომლებიც კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულ მონაცემებს განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ონლაინ-სწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4.031-მა მშობელმა შეიტანა.
ბოლო მონაცემებით, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5%.
მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 27 იანვარს დაფიქსირდა 17.484 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.