ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, შემდეგ კი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
პროკურატურამ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, დღეს დააკავა.
ზუგდიდში სავარაუდოდ პოლიციელმა ქალზე იძალადა - ვიდეო>>
ეს ამ კვირაში პოლიციელის მხრიდან ძალადობის უკვე მეორე ფაქტია. ორშაბათს თბილისის მეტროში პოლიციელმა შშმ მოზარდს სცემა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.