COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის უნდა გავიკეთოთ ტესტი და რამდენად სანდოა მისი პასუხი - ექიმის განმარტება

„ომიკრონის“ შემთხვევაში ანტიგენის ტესტით ინფიცირება ძირითადად დაავადებიდან მე-4 ან მე-5 დღეს ვლინდება, მანამდე კი მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შევიდეს, განმარტავს ბულეიშვილი.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ელემენტარული სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფო კლინიკურმა ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე ადამიანები ანტიგენის ტესტს იტარებენ და პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, მათ შესაძლოა მაინც ჰქონდეს კოვიდინფექცია და გამავრცელებლები ხდებიან.
„ასეთი ადამიანები შემდგომ გადაადგილდებიან, რადგან ჩატარებული ტესტირების შედეგად ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არ აქვთ და ამ დროს, ისინი შეიძლება, გამავრცელებლები გახდნენ, რადგან რასაც ვხედავთ, „ომიკრონის“ შემთხვევაში მეოთხე-მეხუთე დღეს უფრო დასტურდება ხოლმე“, - განაცხადა ბულეიშვილმა.
ექიმმა ასევე „ომიკრონ“ შტამის მსუბუქ მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მაინც საყურადღებოა.
„მე არ მინდა, მოსახლეობამ ისე გაიგოს, თითქოს „ომიკრონით“ დასნებოვნების შემთხვევაში არანაირი ღონისძიებები არ უნდა მივიღოთ. სიმპტომები, რომელიც არის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვანესია და მას მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
რაც შეეხება იზოლაციის პერიოდის გადახედვას, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში სხვადასხვაგვარად მოხდა, მაკა ბულეიშვილმა აღნიშნა, რომ იზოლაციის ხანგრძლივობა გადახედილი იქნება.
თუ იზოლაციის პერიოდი შემცირდება, ადამიანებს საშუალება ექნებათ, პირად ექიმთან პირადად მივიდნენ, აღნიშნა ბულეიშვილმა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
„ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში. დღეს, 26 იანვარს დაფიქსირდა 17.530 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების თითქმის 1,1 მილიონი შემთხვევა.
წყარო: „პირველი არხი"