თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. საქართველოს საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციანი ჯგუფი ეწვია, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შვიდი ქვეყნის 15 სამთო მოგზაური სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ.
„აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე“, - განაცხადა განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა,
სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალს, ჰელისკის და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს.
Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ ასევე ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს და შექმნიან ფოტო-ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის ზამთრის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.