თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბავშვები იშვიათად მძიმდებიან „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისას, მაგრამ ინფექციის არსებობაზე რამდენიმე ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს. ამის შესახებ წერს Business Insider კორონავირუსის სიმპტომების დაკვირვების ბრიტანული აპლიკაცია ZOE Covid Study-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ემა დუნკანის განცხადებით, მკვლევარებმა 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში „ომიკრონის“ შტამის რამდენიმე ასეული შემთხვევა გაანალიზეს. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული შვიდი სიმპტომი იყო: დაღლილობა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცემინება, მაღალი სიცხე და ხველა. ამავდროულად, დუნკანმა აღნიშნა დაავადების მიმდინარეობის მსგავსება როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ბავშვებში.
სხვა ექსპერტებმა აღნიშნეს დაავადების ისეთი ნიშნების არსებობა, როგორიცაა დიარეა და გამონაყარი. გარდა ამისა, ზოგიერთ ბავშვს განუვითარდა კრუპი - რესპირატორული სინდრომი, რომელიც ხასიათდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებით და უხეში, მყეფავი ხველით.
„ომიკრონის“ შტამი, ან B.1.1.529, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდეს როგორც აცრილი, ისე აუცრელი ადამიანი. ახალი ვარიანტი უკვე გამოვლენილია 110 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და დომინანტური ხდება.
წყარო - Business Insider