მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი საქართველოს უახლოეს პერიოდში გადაეცემა

საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი– Sputnik. იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიწის გადაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების ტაძარში გააჟღერა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვა-ლოცვას ესწრებოდა.
„საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ღარიბაშვილი: 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება
პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.
„300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება.