თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.
მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა.
„ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც სოციალურად დაუცველად მიიჩნევს თავს, უნდა მიმართოს საციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია მივიდეს მითითებულ მისამართზე და ოჯახის დეკლარაცია შეავსოს.
სწორედ ეს დოკუმენტი თამაშობს მთავარ როლს ქულების დათვლისას. მასში მითითებულია ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ.
2015 წლიდან ქვეყანაში ახალი მეთოდოლოგია ამუშავდა სარეიტინგო ქულების გამოსათვლელად, რომელიც ძველი ფორმულისგან იმით განსხვავდება, რომ საყოფაცხოვრები ნივთებისა და ტექნიკის ქონა აღარ ახდენს გავლენას ქულების რაოდენობაზე.
სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური აგენტი ვალდებულია, კვლავ შეამოწმოს ოჯახი და ბენეფიციარის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დაადგინს შესაბამისი სარეიტინგო ქულები.