ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა: პირველი სასამართლო სხდომის დეტალები

პროკურორმა მოსამართლეს მტკიცებულებები წარუდგინა და მკვლელობა ჰოლივუდის ფილმს შეადარა.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი სხდომა 28 წლის პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ადვოკატების შესავალი სიტყვით დაიწყო.
მკვლელობა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის - იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
პირველ სხდომაზე მოსამართლეს თავიდან პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა მიმართა. მან მოსამართლეს ბრალდების მტკიცებულებები წარუდგინა და მკვლელობა ჰოლივუდის ფილმს შეადარა.
„ბრალდებული (ჭელიძე - რედ.) იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით იწყებს მისთვის (კვარაცხელიასთვის - რედ.) ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა... ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, მეორე, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, მჭიდი დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა... მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების... ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა სხდომაზე.
ამასთან პროკურორს მკვლელობის მოტივი არ დაუსახელებია.
პროკურორის გამოსვლის მიუხედავად, ბრალდებულები მაინც დაჟინებით აცხადებენ, რომ უდანაშაულონი არიან.
ხოლო კავილაძის ადვოკატმა პირველივე სხდომაზე საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვა.
„ეს არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალი, მაგრამ ის არ გაურბის პასუხისმგებლობას სხვა დანაშაულისთვის. ჩვენ არ ვეთანხმებით ჯგუფური დანაშაულის ჩადენის ფორმულირებას“, - განაცხადა მან.
სხდომა 28 იანვარს განახლდება.
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა >>
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
კავილაძე მანქანაში ელოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და მთელი მჭიდი დააცალა.
ამის შემდეგ ჭელიძე ისევ მანქანაში ჩაჯდა და კავილაძესთან ერთად დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მათ გზად ჯერ კავილაძის კუთვნილ მაღაზიაში შეიარეს და სამხილები მოიშორეს, შემდეგ კი წყნეთში მდებარე მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს >>
მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.