თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კანადამ უკრაინაში სპეცოპერაციების სამხედრო ძალების მცირე კონტინგენტი გაგზავნა, იუწყება კანადური ტელეარხი Global News-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის აღკვეთის თაობაზე გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო ქვეყნის საზღვრებთან კვლავაც რჩება 100 ათასამდე რუსი სამხედრო.
ამასთან აღინიშნება, რომ კანადელი სპეცრაზმელების გაგზავნა ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ნატოს მოკავშირეების მხრიდან იმ ძალისხმევების ნაწილია, რომლებიც „რუსული აგრესიის შეკავებისა და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის გზების მოძიებისთვისაა“ საჭირო.
ტელეარხის ცნობით, სპეცრაზმელების წინაშე კიდევ ერთი ამოცანა დგას: მათ კანადელი დიპლომატების ევაკუაცია უნდა განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადამ უკრაინაში 200 სამხედრო გაგზავნა ადგილობრივი ძალოვნების მომზადებაში დასახმარებლად.
დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ჯარებს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ გამოიყენება როგორც საბაბი მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტიგენტების გასაზრდელად.