თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებებით, 17 იანვარს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
განკარგულება მიღებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (281-ე მუხლი) და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (552-ე მუხლი) შესაბამისად.
ორივე უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტების პაკეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონპროექტს.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური.