თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს ბრალი წარუდგინა ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს ბრალდებულმა ლაგოდეხში კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი 16 იანვარს დააკავა. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.