იწყება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება

თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც უკვე უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია.
ახალი კონკურსის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილება 2 თებერვალს იწურება.
კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ–გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი ოთხი კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - შვიდი.
ცესკოს თავმჯდომარეობა კვლავ სურს მოქმედ ხელმძღვანელ, გიორგი კალანდარიშვილს, ასევე თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს და გიორგი შაიშმელაშვილს.
რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, ღია კონკურსში შვიდიკანდიდატი მონაწილეობს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათთან გასაუბრება დღეიდან იწყება.
საქართველოში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა შეიცვალა
გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების ორი მესამედის (100 ხმა და მეტი) მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც მის ასარჩევად მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) იქნება საკმარისი.
2021 წლის აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.