თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავეს.
ქართულმა წყვილმა 61,93 ქულა დააგროვა (34,43 ტექნიკური ელემენტები + 28,50 პროგრამული კომპონენტები). ამ შედეგით საფინა და ბერულავა ფინალში გავიდნენ, სადაც 21-დან 16 წყვილი გადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 17 წლის კარინა საფინა და 19 წლის ლუკა ბერულავა უფროსების ასპარეზობაში პირველად მონაწილეობდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა დუეტმა რუსეთიდან – ანასტასია მიშინა/ალექსანდრ გალიამოვი, რომელმაც 82,36 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა მოკლე პროგრამაში გამოსვლის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და წინა საუკეთესო შედეგი 0,02 ქულით გააუმჯობესეს.
სპორტული წყვილები მაყურებელსა და ჟიურის თავისუფალ პროგრამას 13 იანვარს წარუდგენენ. საფინა და ბერულავა ყინულზე მე-11 ნომრად, ბოლოსწინა ჯგუფში გავლენ.