თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში „ომიკრონ“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 1.009 შემთხვევიდან სპეციალისტებმა 777 შეისწავლეს, მათგან 16% რეინფიცირების შემთხვევებია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების დიდი ნაწილი, დაახლოებით 61% თბილისზე მოდის, 12% იმერეთის რეგიონზე, 3-3% კი აჭარასა და ქვემო ქართლზე.
რაც შეეხება ვაქცინაციას, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დაახლოებით 50%-ია ვაქცინირებული, აღნიშნა გამყრელიძემ. თუმცა, 1.009 პირიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და 12-მა მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთაგან 19 პირი 18 წლამდე მოზარდია, 16 კი ხუთ წლამდე ბავშვია.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 60% „ომიკრონთან“ იქნება დაკავშირებული.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.