თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება.
ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი 3 იანვარს სიდნეიში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ძალიან დიდია ვიქტორ სანეევის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან არაერთხელ ასახელა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა საქართველო. სწორედ ამიტომ გვსურს მისი სახელის უკვდავსაყოფად დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი მიაგეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ავთანდილ ცინცაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში არსებულ ოლიმპიურ მუზეუმში სამძიმრის წიგნი დღეს 12-დან 17 საათამდე იყო გახსნილი და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის საკუთარი ჩანაწერით თანაგრძნობა გამოეცხადებინა.
ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია 13 იანვარს სიდნეის გარეუბან საზერლენდში, ოლსენის ცერემონიალურ სამლოცველოში თბილისის დროით 04:55 სთ-ზე გაიმართება (სიდნეის დროით 11:55 სთ-ზე).
დაკრძალვის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
სანეევმა მძლეოსნობაში კარიერა 1956 წელს დაიწყო სიმაღლეზე ხტომით, 1963 წლიდან კი სამხტომში გამოდიოდა.
ვიქტორ სანეევი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია სამხტომში (1968, 1972, 1976), აგრეთვე 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974), საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამხტომში (17,23 მ, 17,39 მ და 17,44 მ).
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანეევი ავსტრალიაში მწვრთნელად სამუშაოდ წავიდა.