თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ბულგარეთის მაღალრეიტინგულმა გამოცემამ VOYAGE საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სტატიაში სახელწოდებით „საქართველო – სიყვარულის მიწა“ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქვეყნის უნიკალური ისტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა.
ჟურნალისტი მკითხველს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, ასევე მოუთხრობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას სოფელ უდეში.
სტატიის ავტორმა ვლადინა ცეკოვამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში გასულ წელს იმოგზაურა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებსა და ჟურნალისტებს 2021 წლის ოქტომბერში უმასპინძლა, რაც მიზნად ისახავდა ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.