თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„გიდასტურებთ, რომ დამატებითი ვაქცინების, მათ შორის, ბავშვების დოზების შესყიდვაზე „ფაიზერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება. ამასთან, თუ მარტის ბოლოსთვის Pfizer-ს ექნება „ომიკრონის“ შტამისთვის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული“, – აღნიშნა გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინაა, რომელთაც ვადა 31 მარტს გასდის. გარდა ამისა, ქვეყანაში Sinopharm-ისა და Sinovac-ის დაახლოებით 1,5 მილიონი დოზაა. აღნიშნულ პრეპარატებს ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდით.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. შემდეგ ქვეყანამ მიიღო ვაქცინა Pfizer-ი, რომლითაც ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. გარდა ამისა, 3 აპრილს საქართველომ Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო, რომლის გამოყენებაც 4 მაისიდან დაიწყო, რაც შეეხება Sinovac-ს, ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.