COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ონლაინ-კლინიკების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება

რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში დამატებით 40 ონლაინ-კლინიკა ამოქმედდება, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, რათა კოვიდ-ინფიცირებულმა პირებმა ოჯახის ექიმთან კონსულტაცია დროულად შეძლონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ახალი „ომიკრონ“ შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა საქართველოში აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. სწორად ამიტომაც გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ყურადღების გამახვილება ონლაინ-კლინიკების მუშაობაზე. დღეს საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა ფუნქციონირებს.

„ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა. ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც მოხდა ოჯახის ექიმების გადამზადება კოვიდის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში 9 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 4.431 დაკავებულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეადგენს 50%-ს. უწყების მონაცემებით, ამჟამად 281 პაციენტი მკურნალობის კურსს რეანიმაციის, ხოლო 1.083 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადის.
საქართველოში ბოლო 48 საათში კორონავირუსმა ორი ორსული იმსხვერპლა>>>
„ეს შემთხვევები ძირითადად „დელტა“ შტამით არის გამოწვეული. რაც შეეხება „ომიკრონს“, ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები გვაქვს. აღნიშნული პაციენტებიდან რეანიმაცია არცერთს არ დასჭირვებია და ძალიან მალე მოხდა მათი გამოწერა საავადმყოფოებიდან“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა პანდემიის დაწყებიდან 968.313-ს მიაღწია.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 916.421 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 46 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14.264-ია.