„დაპირება შესრულებულია“ – კახა კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოქმედი ავტოპარკის სრულად განახლებაა.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რამდენიმე დღეში დედაქალაქში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მრავალკომპონენტიანი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არსებული ავტოპარკის განახლება, ძველი ტრანსპორტის სრული ჩანაცვლებაა.

„უკვე თბილისშია 1.000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არცერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ახალი 1.000 მიკროავტობუსიდან 450 უკვე ქსელშია, ხოლო დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები.
მერმა აღნიშნა, რომ ძველ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდათ. იგივე შეიძლება ითქვას მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენდა.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ დედაქალაქში სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში აღარასოდეს იმოძრავებს მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფი კი არ ძვირდება, იაფდება
ამ დროისათვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა მოქმედებს – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.