თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებით დღეს, დილის 08:10 სთ-ზე შესრულდა რეისი, რომელზეც რეგისტრაცია 48 მგზავრს ჰქონდა გავლილი.
დღესვე მომდევნო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით 14:30 სთ-ზეა დაგეგმილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან პირველი რეისი 9 იანვარს შესრულდა.
თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.
ასევე გუშინ აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან ორი თვითმფრინავი მიიღეს ქუთაისის აეროპორტში, სადაც ყაზახეთიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე იყო.
გუშინწინ ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი გაფრინდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქების ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო.
ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, იყო სროლები, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭომ, სადაც თავმჯდომარე ამჟამად სომხეთია, ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.