თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დახმარების აღმოჩენის საქმეზე ბრალდებულები.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს იგი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია. ცომაიას ასევე ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის დროს დახმარების აღმოჩენაში.
ბრალდებულების ადვოკატებსა და ნათესავებს აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების იმედი ჰქონდათ იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.
„ვადასტურებ, რომ მათ მისცეს აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ეს არ არის უპირობო საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად. არავინ არავის არაფერს დაჰპირებია“, – განუცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აღიარებითი ჩვენებები და გამოძიებასთან თანამშრომლობა გათვალისწინებული იქნება სასამართლოში განაჩენის გამოტანისას. მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე არ წარმოებს.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭესთან იჯდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.
ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.
ყველა მათგანმა 28 დეკემბერს ბრალი აღიარა.
სააკაშვილის საქმე ცალკე იხილება.
ამასთან, იგი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.