გამოცხადდა როდის დაიწყება საქართველოში უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი

საქართველოში სოციალურად დაუცველად 633.586 პირია ცნობილი, რომელთა უმეტესობა შრომისუნარიანი ადამიანია.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნის პროექტი იანვარში დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გასული წლის ბოლოს ღარიბაშვილმა საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების რეფორმა დააანონსა.
პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია, მაგრამ ისინი სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის შიშით არ მუშაობენ.

„რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითის დამუშავება მოხდა და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს“, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილის ინიციატივით დეკემბერში საქართველოდან სამუშაო ჯგუფმა ვიცე-პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოინახულა სოციალური პოლიტიკის რეფორმირების გამოცდილების შესასწავლად.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის წლევანდელ გეგმებში არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირებაა.
მიმდინარე წელს იგეგმება არანაკლებ 50 ათასი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქის დასაქმება.
საქართველო სოციალურ რეფორმას ევროპული ქვეყნების მაგალითზე გაატარებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდა 633.586 ადამიანი (71.724 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17%-ია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო ნაკლებია ქულა. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.