თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველო თურქეთისთვის თავის ფარმაცევტულ ბაზარს გახსნის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის წინ.
პრემიერის თქმით, ეს გააიაფებს მედიკამენტების ფასებს.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის წამლებზე ფასების დარეგულირებას.
„კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე. ახალი მინისტრი (ჯანდაცვის) უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, მათ ერთად დაგეგმეს შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც, ჩვენი პროგნოზით, ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურის ცნობით, უკვე ამ კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მედიკამენტებზე ფასების დაწევას შესაძლებელს გახდის.