COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო ეპიდშტორმის ზღვარზე – ეპიდემიოლოგები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ

ეპიდემიოლოგები იანვრის ბოლოს შეშფოთებით ელოდებიან – ამ დროისათვის საქართველოში პანდემიამ, შესაძლოა, ჯერ არნახულ პიკს მიაღწიოს.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები უახლოეს ორ კვირაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესებას პროგნოზირებენ.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღა დაიწყო. სპეციალისტები ახალი შტამის „ომიკრონის“ პიკურ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.
ჰოსპიტალური სექტორი ემზადება მაქსიმალური დატვირთვისა და დიდი ოდენობით პაციენტების მიღებისთვის.
ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს>>
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ჯანდაცვის ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, უკვე გადასული ვართ მეხუთედან მეექვსე ტალღაში.

„დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ ეს იქნებოდა შტორმი და ძალიან მძიმე მონაცემები. დაახლოებით ერთი–ორი კვირის შემდეგ ამ შედეგებს მივიღებთ. საზეიმო დღეები კიდევ ერთი დამაჩქარებელი აქტივატორია იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა ტაბიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ახალი შტამი სულ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს.

„ომიკრონის“ ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე – ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ“, – დაწერა facebook-ის საკუთარ გვერდზე კულუმბეგოვმა.

მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
ამ დროისათვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ეპიდემიოლოგები უკვე აქტიურად აკვირდებიან კიდევ ერთ ახალ შტამს „დელტაკრონს“.
ეს არის „დელტასა“ და „ომიკრონ“ შტამების ჰიბრიდი, რომელიც კვიპროსში დაფიქსირდა. იქ ახალი შტამი 25 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ზურაბ აზარაშვილი: ჯანდაცვის სისტემა მზადაა „ომიკრონს“ გაუმკლავდეს
სპეციალისტებს ჯერ პროგნოზის გაკეთება უჭირთ იმაზე, შეძლებს თუ არა „დელტაკრონი“ უკვე გავრცელებული მუტაციების ჩანაცვლებას. საქართველოში კორონავირუსის ახალი მუტირებული ვარიანტი ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა.
იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის „დელტაკრონი“ ახალი საკვლევი საგანია, რის გამოც ვაქცინებთან და მუტაციის სამომავლო შედეგებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ამბობენ.
მისი თქმით ერთი–ორი კვირაა საჭირო იმის დასადგენად, რამდენად ადვილად ვრცელდება „დელტაკრონი“.

„მაგალითად, თუ დღეს იყო 25 ინფიცირებული და ორ კვირაში გახდა 2.500 ან 3.000, ამის თქმა შესაძლებელი იქნება. ერთი დღის, 25 ადამიანზე, ძალიან მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მარტო იმის საფუძველზე, რომ ის წარმოადგენს ორი სხვადასხვა ვარიანტის მუტაციების ნაკრებს, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის ეპიდვითარება კვლავ რთულია.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.953-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 962.827-ს მიაღწია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამეში საგრძნობლად გაიზარდა
პანდემიის დასაწყისიდან სულ გარდაიცვალა 14.218 ადამიანი, ბოლო 24 საათში – 31 პაციენტი.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 913.528 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.085)
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.