თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ახალი ბარათების გაცემა ერთი დღით შეჩერდა და 10 იანვარს განახლდება, ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს. ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა 5 იანვრიდან მეტროს სადგურებშია შესაძლებელი, 6 იანვრიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს„საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც შეუძლიათ.
როგორც ბანკში აღნიშნავენ, სამგზავრო ბარათების გაცემა „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „MS+“-ის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეჩერდა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას „საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. სწორედ ამის გამო 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება უზუსტობას, რეალიზაციისთვის დამზადებულ სამგზავრო ბარათებზე სიტყვა „საბაგიროს“ ნაცვლად ეწერა „საბაგარო“.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ულიმიტო90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი –100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.