თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა, იუწყება Times of Israel-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხორობდა. მის ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, კოგეაშვილი საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა. ის პარასკევს ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაში იმ დროს დაჭრეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა.
ლევან კოგეაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქად დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანიც.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.