ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისები კვლავ ვერ სრულდება

ავიარეისების გადადება ყაზახეთში ბოლო დღეებში მიმდინარე არეულობებს უკავშირდება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა კვლავ ვერ სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფრენები ყაზახეთში არსებული ვითარების გამო შეჩერდა. ავიაკომპანია FlyArystan-ის წარმომადგენელი კომენტარს მასმედიასთან კვლავ არ აკეთებს.
5 იანვარს დაგეგმილი რეისი თბილისი–ალმათის მიმართულებით გაუქმდა, თუმცა რეისი ქუთაისი–ნურ-სულთანის მიმართულებით მაინც შესრულდა, ეს იყო ბოლო ფრენა ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით.
ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო
ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მოხდა შეტაკებები ძალოვანებთან, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები. ქალაქს უზარმაზარი ზარალი მიადგა.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.