თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 6 იანვრის მონაცემებით, 600-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).
მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია, რადგან 5 იანვარს ეს შტამი ინფიცირების 335 შემთხვევაში გამოვლინდა.
ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.
7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 953.410-ს მიაღწია.