თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში არსებულ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით ქალაქ ბაიკანურში ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინ ბუსიგინმა საფრთხის მაღალი დონე დაადგინა, წერს РИА Новости.
„ქალაქ ბაიკანურის ადმინისტრაციის უფროსმა ქალაქის ტერიტორიაზე 7 იანვრის 12:00 საათიდან 19 იანვრის 24:00 საათამდე ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე („ლურჯი“) დაადგინა“, – ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.
ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბაიკანურში ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია, ქალაქის სასიცოცხლო ობიექტები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა. შემდეგ კი პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, არიან გარდაცვლილები. ქალაქს დიდი ზარალი მიადგა, გაქურდულია მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.