რა არის მოსალოცი?! ანუ რა დაახვედრა ხარმა ვეფხვს?

ქართული ეკონომიკის ერთწლიანი თავგადასავალი – ორნიშნა ინფლაცია, გაძვირებული ცხოვრება, საგანგაშოდ შემცირებული უცხოური ინვესტიციები და რეკორდულად გაზრდილი საგარეო ვალი... ციფრები, ფაქტები, ანალიტიკა.
Sputnik
ახალ წელს კლავიატურაზე პირველი სტრიქონები ავკინძე და, რა გასაკვირია, მოლოცვით დავიწყებ. მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით! ღმერთმა სიკეთე, სიხარული, გამძლეობა და ულევი ბედნიერება მოგცეთ! რაც მთავარია, საახალწლოდ ჩაფიქრებული ყველა სურვილი ისე აგიხდეთ, როგორც ხელისუფლების დანაპირები აგვიხდა. ასეთს რას დაგვპირდა, სიტყვა რომ საქმედ იქცა? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და, რაღა დაგიმალოთ, არ გამიკვირდება. ჩვენს დროებაში ხომ პირობის შესრულებაა გასაკვირი და არა პირიქით. ასეა თუ ისე, კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
ცხოვრების გაძვირებას მეტ-ნაკლებად ალღო ავუღეთ. სხვა რა გზა გვქონდა? – ბრძანებთ თქვენ. ფაქტია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ფასების რეკორდულად ზრდამ ჩვენივე შემოსავლების მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეამცირა. მუდმივად გვაწუხებდა კითხვა − კი, მაგრამ მაინც როდემდე? პასუხად კი გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან გვესმოდა, რომ ქვეყანა ახალ, 2022 წელს, დიდი ალბათობით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლით შეხვდებოდა. ვარაუდი გამართლდა.
როდის იგრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკა?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 13,9 პროცენტი შეადგინა, რაც საქართველოში ეროვნული ვალუტის შემოღებიდან დღემდე ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დრომდე ანტირეკორდი 1996 წლით თარიღდებოდა, როდესაც წლიური ინფლაცია 13,6 პროცენტი იყო. არადა, აშკარად ჯობდა, ეს პროგნოზი არ გამართლებულიყო − გაიფიქრებს მკითხველი და ძნელია არ დაეთანხმო. ასეა თუ ისე, გადავწყვიტე გასული წლის საფინანსო თუ ეკონომიკური პროცესების შეჯამება სწორედ წლიური ინფლაციის მოკლე მიმოხილვით დავიწყო.
გთავაზობთ გასული წლის ინფლაციის დინამიკას ყოველთვიური მონაცემების ჭრილში გადავხედოთ. იანვარში წლიური ინფლაცია 2,8 პროცენტი, ხოლო თებერვალში 3,6 პროცენტი იყო. მარტში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, 7,2 პროცენტი შეადგინა და აპრილში უცვლელად ამავე ნიშნულზე დარჩა. ამ პერიოდისთვის ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე გაზარდა. მაისში წლიურმა ინფლაციამ 7,7 პროცენტი, ხოლო ივნისში 9,9 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი პირველად ივლისში დაფიქსირდა და 11,9 პროცენტს გაუტოლდა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი წლიური ინფლაცია კვლავ 12,8 პროცენტი იყო. ნოემბერში, მართალია, საკვებ პროდუქტებსა და სამომხმარებლო საგნებზე ფასები გაიზარდა, წლიური ინფლაცია მცირედით, 0,3 პროცენტით, 12,5 პროცენტამდე შემცირდა. წინასაახალწლოდ კი 1,3 პროცენტით გაიზარდა და, როგორც უკვე მოგახსენეთ, 13,9 პროცენტი შეადგინა რითაც მეოთხედი საუკუნის ანტირეკორდი დაამყარა.
სად გარბის ლარი? ანუ ეროვნული ვალუტის წინასაახალწლო განწყობა
მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა შეფასებით, მზარდი ინფლაცია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების ზრდამ განაპირობა. ამ პოზიციას ანალიტიკოსებიც იზიარებენ, თუმცა ისინი ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის კორექტირების აუცილებლობაზეც მიანიშნებენ.
რეკორდულად მზარდ ინფლაციას კობა გვენეტაძის უწყებამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაუპირისპირა. ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან 10,5 პროცენტამდე გაზარდა. ანუ 2021 წელს საქართველოში მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო საკრედიტო რესურსი ყველაზე მცირე 2,5 პროცენტით გაძვირდა. შედეგად, მართალია, ქვეყნის საფინანსო ბაზარზე დამატებით ჭარბი ფულის მიმოქცევა შეიზღუდა, მაგრამ შემცირდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მოცულობაც. ეს კი ეკონომიკური ზრდის შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორია. ანალიტიკოსთა თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რომ არა, დღეს ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა, მათივე შეფასებით, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, მთავარია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. მთავრობა ხომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასაც შეგვპირდა? – გაიფიქრებს მკითხველი და მართალიც იქნება. ასე რომ, მომდევნო სტრიქონებს ამ საკითხს დავუთმობ.
რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?
გასული წლის დეკემბრის თვის მონაცემები უცნობია, თუმცა თუ ეკონომიკური ზრდის აპრილი-ნოემბრის ტენდენციას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ძალიან მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს პროგნოზიც გამართლდება. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის დასასრული საქართველოში აპრილის თვიდან დაიწყო. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა ერთ თვეში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, რეკორდულად მაღალი, 44,8 პროცენტი შეადგინა. მაისის თვეში ეს მაჩვენებელი 25,8 პროცენტი იყო. ზაფხულის თვეებსა და სექტემბერში ტემპმა, მართალია, დაიკლო, მაგრამ ორნიშნა მაჩვენებელი მაინც შეინარჩუნა. მთლიანი შიდა პროდუქტი ოქტომბერში 11,3 პროცენტით, ხოლო ნოემბერში 12 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 10,7 პროცენტი შეადგინა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად საბაზო ეფექტის შედეგია, რაც „საქსტატის“ მიერ ამ კომპონენტის დადგენის მეთოდს უკავშირდება. ანუ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ.
ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა კრედიტი?..
ეკონომიკური ზრდის მოცულობის დასადგენად „საქსტატი“ დროის კონკრეტული მონაკვეთის მაჩვენებელს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს ადარებს. 2020 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში საქართველოში ეკონომიკა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა, რაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგია. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რეალური მოცულობის გასარკვევად დღეს არსებული მონაცემები COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 6,5–6,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. არც ეს არის ცოტა, მაგრამ ფაქტია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების არაადეკვატურია. ანუ შთამბეჭდავ ციფრებს მიღმა სხვა რეალობაა.
ორიოდე სიტყვა ეროვნული ვალუტის თავგადასავალზეც უნდა ვთქვა. ლარი, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 65 პროცენტით გაუფასურდა, ახალ წელს 3,09 ნიშნულზე შეხვდა. 2020 წლის 31 დეკემბერს კი 1 ამერიკული დოლარი 3,27 ლარი ღირდა. ასე რომ, გასული წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყველაზე მცირე 19 თეთრით გამყარდა. არადა, ლარისთვის 2021 წელი მძიმედ დაიწყო, გაუფასურების ტემპი გაგრძელდა და ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ აპრილის თვეში 3,45 ლარის ნიშნულამდე დაეცა. ანალიტიკოსთა შეფასებით, 2020-2021 წლების გაზაფხულიდან გაზაფხულამდე ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განაპირობა. მოგეხსენებათ, 2020 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული მთელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა ერთხანს სრულად ჩაიკეტა, ხოლო შემდეგ კი ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ამას საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასა და, პირველ რიგში, ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. ლარის გაუფასურების მიზეზებზე არაერთხელ დამიწერია და ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. მოკლედ მოგახსენებთ, რამ განაპირობა ლარის გამყარება.
რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენია ინფლაციის წლიური მაჩვენებელი?
ანალიტიკოსთა შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, რამაც ხელი შეუწყო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ლარის გამყარებაზე ასევე დადებითად იმოქმედა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ. აქვე უნდა ითქვას, რომ ლარის გაუფასურების შეჩერება ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით სცადა.
კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო აუქციონზე 2020 წელს ჯამურად 873 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. მართალია, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია 2021 წლის პირველ ნახევარშიც განაგრძო, მაგრამ წლის განმავლობაში აუქციონისთვის მიწოდებულმა დოლარის მოცულობამ მხოლოდ 332,9 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 61,9 პროცენტით ნაკლებია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ლარის გამყარების კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირება, რამაც ბაზარზე დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის მიმოქცევას შეუწყო ხელი. რა თქმა უნდა, იყო სხვა ფაქტორებიც, მათ შორის უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა.
უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების გასული წლის დეკემბრისა და მასთან ერთად წლის ჯამურ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს შევიტყობთ. ნოემბერში კი საქართველოში უცხოეთიდან 207,4 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,4 მილიონი დოლარით, ანუ 22 პროცენტით მეტია. 2021 წლის პირველ 11 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 2,12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობაა და 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 26 პროცენტით აღემატება. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო გასულ წელს ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილ სახსრებზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სამუშაო მიგრაციის გაზრდაზე მეტყველებს.
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?
ქვეყნებს შორის გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასული წლის 11 თვეში 372 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. 348 მილიონი დოლარით მომდევნო პოზიცია იტალიას უკავია. პირველ სამეულშია ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 258 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ანალიტიკოსები ფულადი გზავნილების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, სამუშაოდ უცხოეთში მიდის და ოჯახს ფულს უგზავნის. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის ვითარებაში ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ამდენივეს შემოსავალი შეუმცირდა და საზღვარგარეთ მყოფ მათ ნათესავებს უფრო მეტი ფულის გამოგზავნა უწევთ. ამასთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა და ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გამოტანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიიღეს, რაც ამ ტრანზაქციების აღრიცხვის შესაძლებლობას იძლეოდა.
წინამდებარე სტატია მოცულობით ჩვეულზე ვრცელი გამომივიდა, რისთვისაც ბოდიში მომიხსენებია. თუმცა ორიოდე წუთით კიდევ დაგაყოვნებთ. მოგახსენებთ, რომ ემიგრანტებმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გაცილებით მეტი ფული შემოიტანეს, ვიდრე საქართველომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიიღო. გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 728,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც COVID-19-ის პანდემიის წინა პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24 პროცენტით ჩამოუვარდება. ცნობისათვის, 2013 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 1.980,8 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით 2017 წელს შემოვიდა. მას შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საგანგაშოდ იკლო. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში საგარეო ვალი გაიზარდა 393 პროცენტით.
წამიხდა ხასიათი, თუ ძმა ხარ, საკმარისია! − მომიწოდებს მკითხველი და რაკი სხვა კიდევ ვერაფრით „გაგახარებთ“, დროებით დავსვამ წერტილს. გასული წლის საფინანსო- ეკონომიკურ „მიღწევებზე“ თხრობით მომავალშიც არაერთხელ დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი