თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ალმათიში ძალოვნებმა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამმართველოში შეჭრის რამდენიმე მცდელობა დააფიქსირეს, მოკლულია ათობით ადამიანი, იუწყება სააგენტო РИА Новости ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ სალთანათ ავირბექზე დაყრდნობით.
„გასულ ღამეს ალმათის პოლიციის დეპარტამენტის შენობასა და პოლიციის რაიონულ განყოფილებებში შეჭრის მცდელობები იყო. ლიკვიდირებულია ათობით თავდამსხმელი. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება“, — განაცხადა ავირბექმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის უწყების კუთვნილ სამ შენობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოც.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
წყარო: РИА Новости