თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ–ჟომარტ ტოკაევმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, თუმცა პროტესტი გაძლიერდა, დაიწყო არეულობები.
საგანგებო რეჟიმი გულისხმობს მიტინგებისა და სხვა მასობრივი თავყრილობების აკრძალვას. გარდა ამისა, დაწესდა კომენდანტის საათი (23:00–დამ 07:00 საათამდე), ასევე მოქმედებს შეზღუდვები დასახლებულ პუნქტებში შესვლაზე და იქიდან გამოსვლაზე.
5 იანვარს ტოკაევმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ სამართალდამცველთა რიგებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
რამდენიმე საათია, ქვეყანაში არ მუშაობს ინტერნეტი. შეფერხებით მუშაობენ ტელეარხები.
მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომიტინგეებლა სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს. ალმათში ხანძარი იყო მერიის, პროკურატურისა და მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ შენობებში, დაიწვა ავტომობილები. ბოლო ინფორმაციით, მომიტინგეებმა ალმათის აეროპორტი დაიკავეს.
წყარო: Sputnik–ყაზახეთი